კახა კაჭარავა „დინამოდან“ წასვლას უარყოფს | „საბჭოთა კავშირი არაა, ფეხბურთელები რომ ძალით გავაჩეროთ“
კახა კაჭარავა „დინამოდან“ წასვლას უარყოფს | „საბჭოთა კავშირი არაა, ფეხბურთელები რომ ძალით გავაჩეროთ“

„თასზე „გაგრასთან“ წაგების შემდეგ მანქანაში უკმაყოფილო ჩავჯექი და ეტყობა, ამის გამო ჩათვალეს, რომ გუნდიდან მივდიოდი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა პირველ არხთან კახა კაჭარავამ, რომელმაც თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებაზე დღეს გავრცელებული ხმები კატეგორიულად უარყო.

კაჭარავამ პირველ არხთან დაადასტურა, რომ დღეს „დინამოს“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას შეხვდა: „დიახ, შევხვდი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს თითქმის ყოველი ვარჯიშის და თამაშის შემდეგ ველაპარაკებით, რადგან ის „დინამოს“ მეპატრონეა, მე კი მწვრთნელი და გუნდზე, მის დღევანდელობაზე, სხვადასხვა საკითხებზე არ უნდა ვილაპარაკოთ? გუნდმა თასის ნახევარფინალი რომ წააგო, ამის მიზეზები ხომ უნდა გავაანალიზოთ? წაგების შემდეგ გაბრაზებული მნახეს და ამის გამო ჩათვალეს, რომ მივდიოდი. მაგრამ გახარებული რატომ ვიქნებოდი?“

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, რომ გუნდში მუშაობას აგრძელებს. ის პასუხობს გულშემატკივართა იმ ნაწილის კრიტიკას, რომელთა აზრითაც „დინამო“ ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებს: „ფეხბურთელების გადასვლა უკეთეს ლიგასა და გუნდში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხალხი „ბაიერნიდანაც“ მიდის, როდესაც „ბარსელონა“ ან „რეალი“ იწვევს და „დინამო“ საბჭოთა კავშირი ხომ არაა, ხალხი რომ ძალით გავაჩეროთ?“

თბილისელთა მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ახალაგზრდების ევროპაში გაშვება აუცილებელია: „ჩაკვეტაძე რომ არ გაგვეშვა და ბელგიაში არ გაზრდილიყო, დღეს ამ დონეზე იქნებოდა და ნაკრებს დაეხმარებოდა? კი, არის ბერკეტები, რომ მოთამაშეები არ გავუშვათ, მაგრამ ამით ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთი ვერაფერს მოიგებს. ადრე იყო მსგავსი შემთხვევები, როდესაც ნიჭიერი ბიჭები არ გაუშვეს და უცხოეთში წასვლის სტიმული რომ დაკარგეს, 20-22 წლის ასაკში ზრდა შეწყვიტეს და ვერ განვითარდნენ. მერე მათი ტრანსფერით ვერც კლუბმა იხეირა და ქართულ ფეხბურთსაც ნიჭის შესაფერისი სამსახური ვერ გაუწიეს. ასეთი გზა ვამჯობინოთ? ეს ხომ ნიჭის მოკვლა იქნება, რაც პრინციპულად მიუღებელია“.