„დინამო არენაზე“ ევროპის ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო მატჩი 19 ივლისს, 21.00 საათზე გაიმართება – “დინამო თბილისი” სლოვაკურ “დუნაისკა სტრედას” უმასპინძლებს.
“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ და თბილისელთა კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.
„კარგ თამაშს ველოდებით, იმედი მაქვს, შედეგისთვის ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ. თამაშისთვის კონკრეტული სტრატეგია შევიმუშავეთ და რადგან სახლშიც ვთამაშობთ, თავქუდმოგლეჯილი შეტევას ან დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლაა. პირველ მატჩში ჩვენც და “დუნაისკა სტრედასაც” ბევრი მომენტი გვქონდა. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში მომენტების გამოუყენებლობას არ გაპატიებენ. ყველაზე დიდი ყურადღება სტანდარტულ სიტუაციებს უნდა მივაქციოთ, რადგან სახიფათო მომენტი მეტოქემ სწორედ ასე შექმნა”,- გაანცხადა კაჭარავამ.
ოთარ კიტეიშვილის თქმით, აუცილებელია გუნდმა შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენოს.
„ეს ჩვენი გუნდისა და ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თამაშია. ბოლო წლებში ევროტურნირებზე წარუმატებლად ვთამაშობთ და აუცილებელია, ხვალ შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლაა. არავის დააკმაყოფილეს ფრაზა, კარგად ვითამაშეთ და ვერ გავედით”,- განაცხადა კიტეიშვილმა.
„დინამო“-„დუნაისკა სტრედას“ პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.