კახა გოგიჩაიშვილი - ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა თამამად შეიძლება #1TVSPORT
კახა გოგიჩაიშვილი - ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა თამამად შეიძლება #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა, კახა გოგიჩაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრებზე, განვლილ ციკლსა და ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩვენი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მე ხაზი მინდა გავუსვა თავად სანიოლის მუშაობას, რომელიც სანაკრებო მომზადებაში გვიან ჩაერთო. სანამ გუნდი გაიცნო, ფეხბურთელებს შეეგუა და შემადგენლობა ჩამოაყალიბა, დრო გავიდა, მაგრამ ბოლოს ოპტიმალურ სათამაშო სქემამდე მივიდა და შემადგენლობასაც მიაგნო, რომელმაც შედეგი მოიტანა.

– ვფიქრობ, სანიოლმა მთელი სეზონი სწორედ ამ მიზნით გამოიყენა. მან უკვე იცის, როგორ უნდა ითამაშოს შემდეგ ერთა ლიგაზე, რა შემადგენლობას და ბირთვს უნდა დაეყრდნოს და რას აპირებს მომავალში. მისთვის 2021 წელი ამიტომ იყო ოპტიმალური, რადგან ეს ყველაფერი გაითავისა. ერთი-ორ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, მან ყველა მოთამაშე საქმეში ნახა, სხვადასხვა სქემა მოსინჯა და ახლა მთავარია, ერთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს.

– ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას სამჯერ შევხვდით, ორი ფრედ დავასრულეთ და ერთი წავაგეთ. ამ გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და პანდევი წავიდა. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ, ერთა ლიგის წინა გათამაშებაში ამ გუნდთან ჯგუფში ორივე თამაშში უპირატესობას ვფლობდით და მატჩი მოსაგები გვქონდა. ისიც კარგია, რომ რევანში გვაქვს ასაღები და უფრო მეტი მოტივაცია გვექნება.

– ბულგარეთს ყველაზე კარგი ნაკრები 1994-95 წლებში ჰყავდათ, როდესაც მათ გუნდში სტოიჩკოვი, ლეჩკოვი , ბალაკოვიდა კოსტადინოვი თამაშობდნენ. ამ გუნდს თბილისში 2:1 მოვუგეთ. დღეს კი ვარსკვლავები არ ჰყავთ, ჩვეულებრივი, საშუალო გუნდია და თუ ამბიცია გვაქვს, ასეთ გუნდს უნდა მოვუგოთ. საერთოდ, კარგი ჯგუფია, მაგრამ ამ გადასახედიდან ვფიქრობ, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა თამამად შეიძლება.

– შეტევის ხაზში კარგი მოთამაშეები გვყავს – ბევრი ფეხბურთელი და იმედი ნამდვილად მაქვს. ივნისში რთული მინიტურნირი გველის. ოთხი თამაშია და ერთი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ, შემადგენლობის სიღრმე და როტაცია დაგვჭირდება. მთავარია, ეს ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ – რადგან სეზონის ბოლო იქნება და სტადიონზე ხალხი უნდა მოვიდეს. ჩემი აზრით, ეს ორი ფაქტორი იქნება მთავარი“.