კახა ცხადაძემ ევროპალიგაზე მეტოქე შეაფასა - „ტორპედო“ ძლიერი გუნდია 
კახა ცხადაძემ ევროპალიგაზე მეტოქე შეაფასა - „ტორპედო“ ძლიერი გუნდია 

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასის“ შეხვდება, რომელსაც კახა ცხადაძე ავარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა „უეფაში“ (UEFA) გამართული წილისყრის შედეგები შეაფასა და მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

„ჩვენ ვიცით, რომ „ტორპედომ“ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. იყო ჩემპიონი, დაეუფლა თასსა და სუპერთასს, გასულ წელს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ეს სერიოზული გუნდია და ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელსაც ახალგაზრდა, კარგი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. მაგრამ ახლა ჩვენ ყაზახეთის ჩემპიონატის თამაშებზე ვფიქრობთ, რადგან სერიოზული თამაშები გველის. ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ „ტორპედოს“ შესწავლას და მასთან თამაშისთვის მზადებას“, – ამბობს 50 წლის ქართველი სპეციალისტი „ორდაბასის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში.

პირველ მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად 11 ივლისს გამართავს, ხოლო საპასუხოს – 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე.

საინტერესოა, რომ ბოლოს ამ ყაზახურ კლუბს ქართული გუნდი 2018 წლის 25 თებერვალს შეხვდა. ეს იყო თბილისის „დინამო“, რომელმაც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე, თურქეთში,  „ორდაბასი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.