კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ილაპარაკა და ის მიმართულებები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ყველაზე მეტ ყურადღებას საჭიროებს.
„საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა. მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.
მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ“.