„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება მშვენიერი განწყობით დაასრულა – თავიდან ნაჩვენები ცუდი თამაშები მოგებებით შეცვალა, ბოლო შეხვედრაში კი გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონი, ტაშკენტის „პახტაკორი“ დამაჯერებლად დაამარცხა (3:0).
„დინამო თბილისმა“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ უზბეკებთან მატჩი და მთლიანად თურქული შეკრება შეაფასა:
„უპირველესად, ილია დათუნაშვილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. სიმბოლური იყო, რომ ტაშკენტის „პახტაკორს“ შევხდით, რადგან ამ კაცის სახელი ტაშკენტის დიდ მატჩთან იყო დაკავშირებული. ფეხბურთელებს ძალიან უნდოდათ, რომ მისი სახელისთვის პატივი მიეგოთ. ძალიან მოინდომეს და მათი მადლიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება მის სახელს მიუძღვნეს.
– რა თქმა უნდა, არანაირ ეიფორიაში არ ვართ – ჩვეულებრივი საკონტროლო თამაში იყო. თუმცა ფაქტია, რომ ყოველი თამაშის შემდეგ წინსვლას ვხედავთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ბევრი შეცდომა იყო, განსაკუთრებით, მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში გავზარდეთ.
– ფანტასტიკურად იდგა კარში დავით კერესელიძე. საერთოდ, ორივე მეკარით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე ცალკე შეიძლება საუბარი, რადგან საქმეს ძალიან პროფესიონალურად უდგებიან და ძალიან დიდი დატვირთვები ჰქონდათ, რომლის ფონზეც ძლიერ გუნდებთან ვითამაშეთ.
– ექვსი ახალგაზრდა მოთამაშე წამოვიყვანეთ და ჩაფიქრებული იყო, რომ ყველასთვის თანაბარი დრო მიგვეცა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გეგმა ვერ განვახორციელეთ, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, იმ დონეზე გავზარდოთ, რომ ითამაშონ ეროვნულ ნაკრებში და ევროპულ კლუბებში. ბევრს აქვს ამის პოტენციალი, მაგრამ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო“.