კახა ცხადაძე - „ტორპედოსთან“ მოგებით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელებმა კახა ცხადაძემ და გია ცეცაძემ თამაში შეაფასეს, რომელიც „დინამო-არენაზე“ გაიმართა და თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით (4:0) დასრულდა.
გია ცეცაძე, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენს თამაშს ცალსახად უარყოფითად ვაფასებ. ვულოცავ „დინამოს“, თამაშით გვაჯობეს და შედეგი დამსახურებულია, რაც უნდა ყოფილიყო, ისაა“.
კახა ცხადაძე, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი:
„ვისურვებდი, რომ ახალი სეზონი ძალიან საინტერესო და დაძაბული იყოს. სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნოა, რომ „ტორპედოსთან“ შეხვედრაზე ამდენი ხალხი მოვიდა. რაც „დინამოში“ ვარ, ასეთი რაოდენობის გულშემატკივარი არც ერთ თამაშზე არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ევროთამაშებს. მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. რაც შეეხება შეხვედრას, არავითარ შემთხვევაში ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია, ერთი თამაში. ეს სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მოვემზადოთ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში ბათუმში გვექნება. თამაშამდე რაც დაიგეგმა, იმის ძირითადი ნაწილი ფეხბურთელებმა შეასრულეს. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები და ხარვეზები, რომელიც უნდა გამოვასწოროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა ვიაროთ“.