კახა ცხადაძე - შევეცდებით, ჩვენი რესურსით მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ, „ნეფთჩისთანაც“ და ეროვნულ ჩემპიონატშიც #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ ორმატჩიან დაპირისპირებასა და თბილისური კლუბის შანსებზე ილაპარაკა.
– დიდი დრო ვიმუშავე აზერბაიჯანში და დიდი ემოციები წამოვიღე. მადლობა ამ ხალხს და ამ ქვეყანას. ძალიან სასიამოვნო იყო აზერბაიჯანში მუშაობა და მივესალმები მათ.
– ორშლას აყვანა შეცდომა იყო. გაგნიძეს კი გზა არ უნდა გადავუკეტოთ, რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშოს. რაც უფრო მეტი წავა ძლიერ ჩემპიონატში, ეს ჩვენი ნაკრებისთვის კარგი იქნება. მონხილის წასვლას რაც შეეხება, პირადი პრობლემები ჰქონდა და ამიტომ დაგვტოვა.
– რაც შეეხება ახალწვეულებს, მათი დამატება ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ახლა ისეთი დროა, გუნდების უმეტესობა დაკომპლექტებულია და არჩევანი მწირია. თავისუფალ აგენტებს ვეძებდით. ერთმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, ასე მოვიყვანეთ ოსეი, მაგრამ ჯერ ვერ დაგვეხმარება.
– შევეცდებით, ჩვენი რესურსით მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ ჩემპიონთა ლიგაზეც და ეროვნულ ჩემპიონატშიც.
– „ნეფთჩი“ დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს, ახალწვეულებიც ჰყავს. სერიოზული გუნდია. შანსებსა და პროცენტებზე ლაპარაკი მიჭირს. მათი პლუსები უნდა გავანეიტრალოთ და მინუსები გამოვიყენოთ. რა იქნება და როგორ, ამაზე ლაპარაკი რთულია.
დინამო-ნეფთჩის დაპირისპირება 7 ივლისს თბილისში, 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.