კახა ცხადაძე - გასვლაზე „საბურთალოსთან“ ფრე ტრაგედია არაა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „საბურთალოსთან“ გამართული მატჩი (1:1) შეაფასა:
„თამაშის შედეგი ყოველთვის ლოგიკურია. რა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და რა შეცდომები დავუშვით? ფაქტია, რომ სტანდარტული ვითარებიდან გაიტანა იმ ფეხბურთელმა, რომელსაც კალანდაძე იყვანდა. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალება მივეცით? როდის?! მეორე ტაიმში მეტოქეს ბურთი საერთოდ არ ჰქონია. ეს პირველი ტაიმის რაღაც მომენტებში იყო, სამწუხაროდ, პრესინგს კარგად ვერ ვახორციელებდით“, – ამბობს ცხადაძე.
„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ვერმოგების ერთ-ერთ მიზეზად ტრავმირებულთა სიმრავლეც დაასახელა:
„ფაქტია, რომ 2 ქულა დავკარგეთ. ისიც ვთქვათ, რამდენი შემტევი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული. ფაქტობრივად, შეცვლის საშუალება არ გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გაბედავას, რომელიც მოედანზე კარგად შემოვიდა. ახლა ოსეიც დაიმტვრა, სხირტლაძე და კირკიტაძეც არ არიან. თუმცა, მადლობა ბიჭებს, რომ მეორე ტაიმში მოინდომეს. „საბურთალო“ ძალიან აგრესიულად და მონდომებულად თამაშობდა, მოედანზე მთელი სული და გული ჩადო. მიუხედავად ამისა, მომენტები შევქმენით და გოლი გავიტანეთ. ამიტომ შედეგი ლოგიკურია“.
ცხადაძის თქმით, „საბურთალოსთან“ ფრე კატასტროფა არაა:
„საგანგაშო არაფერა. მთავარია, ტრავმირებული ფეხბურთელები სწრაფად დაბრუნდნენ. ჩაფიქრებული იყო, წელს „დინამოში“ ყოფილიყო იმ რაოდენობის ფეხბურთელები, რომელთა როტაციასაც შევძლებდით და რომლებიც მეორე ნახევარში გაგვაძლიერებდნენ. სამწუხაროდ, ეს დღევანდელ მატჩში ვერ შევძელით. ვთვლი, რომ გასვლაზე „საბურთალოსთან“ ქულის აღება ტრაგედია არ არის. მთავარია, შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ მინუსები“.