კახა ცხადაძე - ძირითადში არმოხვედრილი მოთამაშე აგრესიულია, მაგრამ ჩვენთან შემცვლელები კარგად შემოდიან #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ძირითადში არმოხვედრილი მოთამაშე აგრესიულია, მაგრამ ჩვენთან შემცვლელები კარგად შემოდიან #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ ეროვნულ ლიგაში „ლოკომოტივთან“ მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა გიორგი გაბედავას დუბლით მოიგო (2:0).

„თავადაც ნახეთ, რომ „დინამომ“ ბევრად უფრო კომბინაციურად ითამაშა, ვიდრე წინა ტურებში. ძალიან ბევრი კარგი, ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შევქმენით. თუმცა, დღეს ზოგიერთს არ გაუმართლა, მაგალითად, მარუშიჩს, იგივე ახვლედიანს, რომელიც თამაშში ფანტასტიკურად ჩაერთო“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელს ის ფაქტი ახარებს, რომ შეცვლაზე შესვლისას მისი მოთამაშეები თავს კარგად ავლენენ.

„საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ შეცვლაზე ბიჭები ძალიან კარგად შემოდიან. შემცვლელები თავის მოვალეობას ასეთ მაღალ დონეზე რომ ასრულებენ, ეს გუნდურობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ეს იმის მიუხედავად, რომ ადამიანი ძირითადში რომ ვერ ხვდება, ყოველთვის აგრესიულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ვინ იწყებს ძირითადში ან ვინ შემოდის, ყველა მონდომებულია, ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ და მივაღწიეთ გუნდურობას, შედეგი აუცილებლად იქნება“, – ამბობს ცხადაძე.

„ლოკომოტივთან“ მოგებით, „დინამო თბილისმა“ მეორე წრე 38 ქულით დაასრულა და ბათუმის „დინამოს“ გაუთანაბრდა, რომელიც პირველ ადგილს პირადი მაჩვენებლებით ინარჩუნებს.