კახა ჩხეტიანმა „ორდაბასთან“ მატჩი შეაფასა - მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს
კახა ჩხეტიანმა „ორდაბასთან“ მატჩი შეაფასა - მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს

ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასთან“ წაგების (1:0) შემდეგ კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა. ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს უპასუხა.

„ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს. საპასუხო მატჩამდე ერთი კვირაა და ამ დროს უკეთ მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

„ანგარიში მისაღებია. „ორდაბასს“ გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ, ვერ გაიტანეს და საპასუხო შეხვედრაში შანსი გვაქვს. ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვართ და ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელების დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ“,- განაცხადა ცხეტიანმა.

ჩხეტიანი რუსულს კარგად ფლობს, მაგრამ მედიასთან მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა. ამის გამო ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რატომ საუბრობდა ქართულად, რაზეც ჩხეტიანმა უპასუხა:

„იმიტომ, რომ უძველესი და ძალიან ლამაზი ენაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მშობლიურ ენას პატივს ვცემ და ამიტომ ვლაპარაკობ ქართულად“.