„მიჭირს ამის თქმა, მაგრამ შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ” – ეს ქუთაისის “ტორპედოს” მთაავრმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-13 ტურში სუპერთასის მფლობელმა „ტორპედომ“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
ფინანსურმა პრობლემების გამო, გუნდში ვითარება მკვეთრად აირია და „ტორპედოდან“ მოთამაშეებს წასვლა სურთ. ეს „საბურთალოსთან“ შეხვედრის შედეგზეც აისახა და ჩხეტიანი იძულებული გახდა, გუნდში არსებულ პრობლემებზე ღიად ელაპარაკა. ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა ამჟამინდელი შემადგენლობით ბოლოჯერ ითამაშა და უახლოეს დღეებში დაიშლება.
„გუნდში ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემებია. ფეხბურთელები დღეს ამ მატჩის მოსაგებად მზად არ იყვნენ და თამაშზე გუნდის ხასიათი ვერ აჩვენეს, რაც მსგავსი დაპირისპირების მოგებას სჭირდებოდა. „ტორპედოს“ გადარჩენის მხოლოდ მცირე იმედი დაგვრჩა. თუმცა, ვითარება თუ არ შეიცვალა, ძალიან დიდი ალბათობით, შემდეგ თამაშამდე დავიშლებით“,– განაცხადა ჩხეტიანმა.
შემდეგი თამაში „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ 20 მაისს გასვლაზე „რუსთავთან“ აქვს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, თუ გუნდის მეპატრონეები 16 მაისამდე გუნდის წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრების გარანტიას არ მისცემენ, მაშინ ქუთაისელები არ დაელოდებიან „რუსთავთან“ თამაშს, გუნდს 16 მაისს დატოვებენ და „ტორპედო“ დაიშლება.