კახა ჩხეტიანი - „ტორპედოში“ ინვესტორის მოსვლას იურიდიული საკითხები აფერხებს, ძვირფასი დრო იკარგება და ფეხბურთელები მიდიან #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა გააკეთა:
„განწყობა ძალიან ცუდია. ბიჭებს ეს პრობლემები ყელში აქვთ ამოსული და დიდი გუნდი თამაშზე არ მიდის. თამაშისთვის დუბლების მოთამაშეები, 19 და 17-წლამდელებსი გუნდი ემზადება. ფეხბურთელებისთვის ყველაზე რთული ისაა, რომ ვერ გაიგეს, როდის მოდის ინვესტორი ან მოდის თუ არა საერთოდ. სულ ამ მოლოდინშია არიან. იანვრის შემდეგ მხოლოდ ორი თვის ხელფასები აიღეს და გაუსაძლის მდგომარეობაში არიან – მათაც ოჯახები ჰყავთ. ერთხელ და სამუდამოდ რაღაც უნდა გაირკვეს – ან რაღაც სასიკეთოდ წყდება, ან 4 ივლისის შემდეგ ფეხბურთელები აღარ დაგვრჩება. ამას გარდა, დედის, მამის და ბაბუის ტოლა ხალხია, რომელთაც 300-400 ლარი აქვთ და რაც ბიჭებს სჭირდებათ, მოედანი იქნება ეს თუ კვებაა, უმზადებენ და პირობას მაინც უქმნიან. ახლა ყველა ცუდ მდგომარეობაშია.
ბიჭებს მადლობა, რომ აქამდე გაძლეს. 3-4 დღეში ფეხბურთელები სხვაგან წავლენ, თუ რამე რადიკალურად არ გადაწყდება. ჩვენს ნებისმიერ ფეხბურთელს სხვა კლუბები აიყვანენ, რადგან დაამტკიცეს, რომ მაღალ დონეზე თამაშის შეუძლიათ.
ახალ ინვესტორს რაც შეეხება, არის პიროვნება, რომელსაც გუნდში მოსვლა სურს, მაგრამ იურიდიული საკითხები ეკონომიკის სამინისტროში უნდა გადაწყდეს. მესმის, რომ ამას დრო სჭირდება, მაგრამ 2,5-თვეა გუნდში ვარ და სულ ამაზე მიდის ლაპარაკი. დრო გადის და ვითარება მძიმდება. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, კლუბი დატოვონ და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელონ, მაგრამ მათი დავალიანება მაინც გადასახდელი იქნება. ვერავის დავავალდებულებთ, რომ ერთი წელი უხელფასოდ ითამაშონ.
ახლა ყველა კლუბი ძლიერდება, საკუთარ მიზანს რომ მიაღწიონ. ბრძოლა ყველასთან შეიძლება და გაძლიერება ჩვენც გვინდა, მაგრამ ჩვენ ამ რეალობიდან გამომდინარე იმაზე ვფიქრობთ, ადგილი და შემადგენლობა მაინც შევინარჩუნოთ.
„საბურთალო“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეზერვისტები ბოლომდე იბრძოლებენ, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. დაველოდებით – იმედია, ამ დღეებში რეაგირება იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, ქუთაისის „ტორპედო“ „საბურთალოს“ ესტუმრება, მაგრამ ძირითადი გუნდის ფეხბურთელები თამაშზე უარს ამბობენ. მათ ნაცვლად მოედანზე ქუთაისელთა მეორე გუნდის, ასევე U19-ის და U17-ის ფეხბურთელებით იასპარეზებენ.