კახა ჩხეტიანი - სავიზო პრობლემა ჩვენც შეგვექმნა, მაგრამ „კუკესს“ არ ვადანაშაულებთ
კახა ჩხეტიანი - სავიზო პრობლემა ჩვენც შეგვექმნა, მაგრამ „კუკესს“ არ ვადანაშაულებთ

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „კუკესსთან“ შეხვედრამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალბანეთში პრესკონფერენცია გამართა. ელბასანის სტადიონზე მედიასთან კახა ჩხეტიანმა მომავალ დაპირისპირებასა და სავიზო პრობლემებზე ილაპარაკა.

„დიდი ანგარიშით მოგება არავითარ შემთხვევაში დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. „კუკესი“ კარგი გუნდია, ეს ანგარიში კი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც ამაზე დიდი ანგარიშით მოუგიათ, მაგრამ გუნდი გამოვარდნილა. განმეორებით თამაშს მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით, გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობისაა და რამდენად რთული დაპირისპირება იქნება. ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები და მობილიზებულები გამოვალთ“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

„ტორპედოს“ ორი აფრიკელი მოთამაშე, სენეგალელი არფგანგ დაფე და სურინამელი გლეოფილო ვლიტერი ალბანეთში არ შეუშვეს და ვიზების გარეშე დარჩნენ.

ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელს კითხვა ამ საკითხზეც დაუსვეს.

„რა უნდა ვთქვა. ჩვენს ფეხბურთელსაც შეექმნა იმის მსგავსი პრობლემა, როგორიც „კუკესის“ მოთამაშეს საქართველოში. ვიზის მიღებას თავისი რეგულაციები გააჩნია, ვიზის თაობაზე კი ალბანურმა გუნდმა „ტორპედოს“ დაგვიანებით მოგვმართა. ჩვენ რომ შეგვეძლოს ვიზის გაცემა, დაკავშირებისთანავე გავცემდით და პრობლემა არ იქნებოდა. როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ, მაშინვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დავუკავშირდით, რომელმაც იმ სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართა და მათ საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტეს. აქ კი სავიზო პრობლემა ჩვენს ორ ლეგიონერს შეექმნა, როდესაც მათზე მოთხოვნა ორი კვირის წინ შევიტანეთ. შესაძლოა, პრეტენზია სხვა ორგანოების მიმართ იყოს გამოსათქმელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „კუკესს“ არ ვადანაშაულებთ, რადგან კლუბი და მისი ხელმძღვანელობა ვიზებს არ გასცემს. არადა, ალბანეთის შესაბამის სამსახურებს დროულად დავუკავშირდით და გვითხრეს, მოთხოვნა ელფოსტაზე გაგვეგზავნა. ასეც გავაკეთეთ, მაგრამ პასუხს აღარ იძლევიან. თუმცა, მაინც ყოველდღე ვცდილობთ, მათგან პასუხი მივიღოთ“, – დასძინა ჩხეტიანმა.