კახა ჩხეტიანი - სავარჯიშო პირობები, ძლიერი აკადემიები და კლუბებში 4-5 ლეგიონერი ქართულ ფეხბურთში ვითარებას აბსოლუტურად შეცვლის #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხთან ევროთასების ჭრილში ქართული გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მაგალითად „არარატ არმენია“ მოიყვანა, რომელთანაც თბილისში ამხანაგურ შეხვედრაში მისი გუნდი 0:2 დამარცხდა.
„ბოლო დროს, სომხურ ფეხბურთში სერიოზული ფული ჩაიდო და ეს ევროტურნირებზე მათი გუნდების გამოსვლასაც დაეტყო – ხშირად გადიან პლეიოფებამდე და საკმაოდ კარგად თამაშობენ. ჩვენ დონეს შორის დიდი სხვაობა არაა, მაგრამ მათთან მართლაც დიდი ფინანსები ჩაიდო, რაზეც ეს ფაქტიც მეტყველებს – ერევნელებს გუნდში 14 ლეგიონერი ჰყავდათ. იმედია, ჩვენს საკლუბო ფეხბურთშიც იქნება ისეთი მასიური ინვესტიციები და ძლიერ ლეგიონერებს საქართველოშიც ჩამოვიყვანთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა ჩხეტიანი.
ამავე დროს, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ევროპული დონის კლუბის ჩამოსაყალიბებლად გაცილებით ნაკლები თანხები და ლეგიონერია საჭირო, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
„ჩვენ ამ კუთხით ის პლუსი გვაქვს, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის მსგავსი თანხები და უცხოეთიდან ასეთი დიდი ოდენობის რესურსის დამატება არ გვჭირდება. საჭიროა სისტემის აწყობა – კარგი სავარჯიშო პირობები, ყველა კლუბში ძლიერი აკადემია, პლუს 4-5 კარგი ლეგიონერი და ჩვენს ფეხბურთში აბსოლუტურად სხვა ვითარება იქნება. მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა და არსებულ დინებას გავყვებით, ყოველ წელს ევროტურნირის შემდეგ ქართული გუნდების ლანძღვა გაგრძელდება. არადა, გუნდების ხელმძღვანელობაც ცოდოა და მოთამაშეებიც. ფინანსებია საჭირო, რაც ყველას არ აქვს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ევროთასებზე დარჩენილ ბათუმის „დინამოს“ და „საბურთალოს“ წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს კახა ჩხეტიანი.