კახა ჩხეტიანი - „საბურთალოსთან“ მაღალმა პრესინგმა და შეცვლებმა გაამართლა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ეროვნულ ლიგა წარმატებით განახლდა – კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები 21-ე ტურის მატჩში გორში „საბურთალოს“ ესტუმრდნენ და იმის მიუხედავად, რომ 1:2-ს აგებდნენ, საბოლოოდ 4:2 მოიგეს.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული შეხვედრის მოგებით „ტორპედომ“ 27 ქულა დააგროვა, „თელავს“ გადაასწრო და მე-6 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო მეხუთეადგილოსან „საბურთალოსთან“ (30) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მატჩი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა და იმ მომენტებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც თავიდან გუნდს პრობლემები შეექმნა.
„უპირველესად, გავიმარჯვეთ და ესაა მნიშვნელოვანი. თავიდან იყო მომენტები, როცა სათამაშო მონახაზი არ გვქონდა, როდესაც „საბურთალომ“ უკან ჩაგვაჯინა. ეს წინასწარ ნამდვილად არ გვქონდა ჩაფიქრებული. ამის ხარჯზე შეგვიქმნეს უპირატესობა და ამიტომაც მივიღეთ ორი გოლი“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.
ქუთაისელთა მწვრთნელმა იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც მისი აზრით, „ტორპედოს“ გამარჯვება განაპირობა:
„მეორე ტაიმში ცოტა „ამოვწიეთ“ თამაში და ვცდილობდით, რომ მაღალი პრესინგით გვეთამაშა. შემდეგ შეცვლებმაც გაამართლა – მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, ჩვენს გულშემატკივრებს და მივულოცო ეს გამარჯვება, „საბურთალოს“ კი წარმატება ვუსრვო“.