კახა ჩხეტიანი პოტენციურ ინვესტორებზე - ყველაფერი წარმატებით თუ დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცედენტი იქნება
ქუთაისის „ტორპედოში“ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრაზე ილაპარაკა.
„გერმანული „აინტრახტის“ აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს. მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან – „ტორპედოს“ გადარჩენა ყველას ინტერესშია. ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება“ – ამბობს კახა ჩხეტიანი.
ქუთაისური კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, მოლაპარაკება მალე განახლდება:
„საქართველოში „აინტრახტის“ აქციონერები 3-4 დღეში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ. თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება“.