კახა ჩხეტიანი - „ორდაბასის“ არ გვეშინია
კახა ჩხეტიანი - „ორდაბასის“ არ გვეშინია

ქუთაისის „ტორპედო“ შიმქენთში გაემგზავრა და ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასთან“ შეხვედრამდე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„გუნდს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად აქვს. სამწუხაროდ, დაახლოებით 12-მა ფეხბურთელმა დაგვტოვა და ახალი გუნდი შევკრიბეთ, მაგრამ 11 ივლისის მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტურნირში ვმონაწილეობთ, ევროპის ლიგაზე თუ საქართველოს ჩემპიონატში. მოედანზე ყოველთვის მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. მოწინააღმდეგე გუნდში ბევრი კარგი მოთამაშეა, კახი ცხადაძის სახით კი კარგი მწვრთნელი ჰყავს. მაგრამ არავისი გვეშინია“, – ამბობს ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი.

ყაზახეთიდან მატჩის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს. „ორდაბასი“-„ტორპედო“ 11 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.