ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი კახა ჩხეტიანი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე კობა წიტაიშვილი შეცვალა – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ფეხბურთელობის დროს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონის“ ყოფილ ნახევარმცველს უთამაშია უნგრეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს მშობლიურ „ტორპედოში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. 2013 წელს მარტვილის „მერანი“ ჩაიბარა. 2014 წელს ის „ზესტაფონში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 2015 წელს „დინამო თბილისში“ გია გეგუჩაძის თანაშემწე გახდა.
2016 წლის სექტემბერში ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს. მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა ერთხელ მოიგო ეროვნული ლიგა, ორჯერ კი – საქართველოს თასი და სუპერთასი. 2019-2020 წლებში „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
2021 წლის ივნისში ჩხეტიანი მეორედ გახდა ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელად, იმავე წლის 1-ელ ნოემბერს კლუბის ხელმძღვანელობამ ის გაათავისუფლა. 2022 წლის მაისში ჩხეტიანი ისევ დაბრუნდა „ტორპედოში“, ერთი წელი იმუშავა და 2023 წელს თანამდებობა დატოვა.