კახა ჩხეტიანი - ბათუმელებთან გამარჯვება რთული იყო
კახა ჩხეტიანი - ბათუმელებთან გამარჯვება რთული იყო

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ბათუმის „დინამოსთან“ მოგება შეაფასა.

„დიდი მოლოდინი გვქონდა, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ ხუთი ქულით ჩამოვრჩებოდით და მოგება გვჭირდებოდა. სამი ქულაც მოვიპოვეთ და სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა სანახაობრივი ფეხბურთი და ბევრი გოლი იხილა. მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებმაც გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. თუმცა, ეს რთული იყო. განსაკუთრებით ბათუმელთა მეორე გოლის შემდეგ, როდესაც ანგარიში გაგვითანაბრეს. თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და გამარჯვების გოლი გაიტანეს“, – ამბობს ჩხეტიანი.

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი „ტორპედოს“ ფანების აქტიურობაზეც საუბრობს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. არ აქვს მნიშვნელობა, სამტრედიაში ვთამაშობთ, წყალტუბოში თუ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში – ეს ხალხი ყველგან ჩვენს გვერდით არის და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა მან.

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ 3:2 დაამარცხა. წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე მოპოვებული სამი ქულით ქუთაისელებმა 20 ქულა დააგროვეს და თბილისის „დინამოსთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.