ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოთარ კაკაბაძეს ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს. მისმა გუნდმა “ხიმნასტიკმა” 31-ე ტურში საკუთარ მოედანზე “კორდობას” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი ტარაგონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
კაკაბაძემ მე-40 წუთზე ისეთი გოლი გაიტანა, ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა: მეკარისგან მიღებული ბურთით საჯარიმომდე ჩავიდა, გზად 4 მოთამაშე მოატყუა და თანაგუნდელს უპასა, მისგან დაბრუნებული ბურთი კი თავად დაარტყა და გაიტანა.
მაგრამ ლაინსმენმა საკამათო გადაწყეტილება მიიღო და ქართველის გადაცემის დროს თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში ”კორდობამ” მეორე გოლი გაიტანა, ხოლო პირველ გოლზე ლაინსმენს თამაშგარე მდგომარეობაში მოხვედრილი ერთდროულად სტუმართა 4 მოთამაშე გამოეპარა.