კაკაბაძემ ვარჯიში განაახლა - „ლუცერნის“ მცველი ჯვაროსნებსაც დაუბრუნდება
კაკაბაძემ ვარჯიში განაახლა - „ლუცერნის“ მცველი ჯვაროსნებსაც დაუბრუნდება

სასიხარულო ამბავი ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ „ლუცერნში“ ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, მარტის სანაკრებო შეხვედრებისთვის სათამაშოდ მზად იყოს.

23 წლის მცველს საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ვარჯიში 2019 წლის იანვარში დაიწყო, მაგრამ კვლავ მკურნალობა დასჭირდა და მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა. ოთარ კაკაბაძემ ტრავმა უკვე მოირჩინა და „ლუცერნთან“ ერთად ვარჯიში სულ რამდენიმე დღის წინ განაახლა.

თუ კაკაბაძემ ფორმა სწრაფად აღიდგინა, მარჯვენა მცველი ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საწყის შეხვედრებში, 23 მარტს შვეიცარიასთან თბილისში და 26 მარტს ირლანდიასთან დუბლინში, „ჯვაროსნებს“ დაეხმარება. მანამდე, ფორმის აღსადგენად, ოთარ კაკაბაძე „ლუცერნის“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, საქართველოს ნაკრები კი ამ მნიშვნელოვან ტურნირს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. სამწუხაროდ, დღემდე სრული ძალით ვერ ვარჯიშობს ჩვენი ნაკრების იმედი გიორგი ჩაკვეტაძე, ლევან მჭედლიძე ისევ დაშავდა, თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდოდაა, გიორგი ნავალოვსკი კი მინსკის „დინამოდან“ წამოვიდა.