საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ექსტრაკლასაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კრაკოვიას“ ფორმით და გოლი გაიტანა, თუმცა ქართველის გუნდმა „ლოძი“ ვერ დაამარცხა (2:2).
კაკაბაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და, რაც მთავარია, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. ქართველი მცველი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ორივე გოლში მონაწილეობდა.
მე-19 წუთზე „კრაკოვიას“ შეტევა კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგზე განავითარა, მისი გადაცემის შემდეგ პატრიკ მაკუჩიმ კარგად ვერ დაარტყა, რაც ფინელმა თავდამსხმელმა ბენჟამინ კალმანმა მოახერხა და ანგარიში გახსნა.
77-ე წუთზე თავი თავად კაკაბაძემ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის შეტევა მოედნის ცენტრთან ახლოს ჩაჭრა, ბურთიანად კარისკენ დაიძრა და ძლიერი დარტყმით სტუმართა კარი აიღო – ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი გოლი იყო.
პოლონეთის ექსტრაკლასაში გამართული 27 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 29 ქულა დააგროვა და მე-12 პოზიციაზეა.