კაკაბაძემ გადაწყვიტა უჩვეულო მატჩის ბედი, სადაც მსაჯი ტრავმის გამო შეცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძემ გადაწყვიტა „კრაკოვიას“ წლის ბოლო შეხვედრის ბედი და გუნდს 3 ქულა მოუტანა – ეს პოლონეთის ექსტრაკლასის მე-19 ტურში მოხდა, ქართველი მცველის გუნდი ვროცლავში უშუალო კონკურენტ „შლიონსკს“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა.
ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ეს იყო უჩვეულო შეხვედრა, სადაც ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა არა რომელიმე მოთამაშე, არამედ – შეხვედრის მთავარი არბიტრი. 33-ე წუთზე პაველ რაჩკოვსკის ფეხი გადაუბრუნდა და მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა. ამის გამო თამაში 5 წუთით შეწყდა.
ანგარიში 45+7-ე წუთზე რუმინელმა მცველმა, კორნელ რჟაპამ გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, შორიდან ძლიერად და მეკარესთვის ძალიან უხერხული ტრაექტორიით დაარტყა და ვრლოცლაველთა კარის აღებით, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„კრაკოვიამ“ იაცეკ ზელინსკის დანიშვნის შემდეგ მეხუთე შეხვედრა ჩაატარა – მან საქართველოს ნაკრების მცველი, რომელიც მანამდე სათადარიგოებში იყო და იშვიათად თამაშობდა, სასტარტო შემადგენლობაში დააწინაურა, კაკაბაძემ კი მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, 8 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ახალ მწვრთნელს შეხვედრა მეორედ პირადად მოაგებინა.
ტურის მატჩი მოიგო „რაკუვმაც“, რომელმაც შინ „იაგელონია” 5:0 დაამარცხა – ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა განაცხადში არ იყო. პოლონეთის ექსტრაკლასაში გამართული 19 ტურის შემდეგ „კრაკოვია“ 26 ქულით მე-9 ადგილზე დაწინაურდა და „შლიონსკს“ (24) გადაასწრო, ხოლო „რაკუვი” 35 ქულით მესამეზეა.