„ბრუკლინ ნეტსი“ ჯგუფურ გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი გამთამაშებლის კაირი ირვინგის სტატუსთან დაკავშირებით, – იტყობინება Bleacher Report.
ცნობილია, რომ ირვინგმა უარი განაცხადა კორონავირუსისგან ვაქცინირებაზე, ამიტომაც გამოტოვებს NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის საშინაო მატჩებს, აგრეთვე, გასვლით შეხვედრებს ტორონტოში, სან ფრანცისკოსა და ნიუ იორკში. ამ ქალაქების მთავრობებმა მკაცრი ანტიკორონავირუსული ზომები შემოიღეს, რომლის მიხედვითაც მატჩებზე მხოლოდ ვაქცინირებული მოთამაშეები დაიშვებიან. „ბრუკლინის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა ადრე დაადასტურა, რომ კლუბი არ გააკეთებს ირვინგზე აქცენტს გასვლით მატჩებში.
ირვინგის მომავალთან დაკავშირებით განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მფლობელი ჯოზეფ ცაი, გენერალური მენეჯერი შონ მარქსი, აგრეთვე, გუნდის ლიდერები – კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი.
აქამდე დურანტი ირვინგის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, მაგრამ ბოლო დროს, მისი პოზიცია ნაკლებად კატეგორიული გახდა. „ბრუკლინის“ ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ვარიანტად ირვინგის გაცვლას განიხილავს.