ლონდონის „არსენალმა“ „ჩელსისთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც, გერმანელი თავდამსხმელი კაი ჰავერცი კარიერას „მეთოფეების“ რიგებში გააგრძელებს.
24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „არსენალმა“ თანაქალაქელს 50 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით სატრანსფერო თანხა 70 მილიონ ევრომდე გაიზრდება. უშუალოდ კაი ჰავერცი ანაზღაურების სახით კვირაში 245 000 ევროს მიიღებს.
ჰავერცი „არსენალის“ მწვრთნელისთვის, მიკელ არტეტასთვის მთავარი პრიორიტეტი იყო გუნდის შეტევის გასაძლიერებლად და კლუბი მის ტრანსფერზე მთელი ივნისის განმავლობაში მუშაობდა.
2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ ჰავერცის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ჯამში, „არისტოკრატების“ რიგებში გერმანელმა 139 მატჩი ჩაატარა და 32 გოლის გატანა მოახერხა. „არსენალის“ გარდა, მისი ტრანსფერისთვის მიუნხენის „ბაიერნიც“ იბრძოდა.
ჩემპიონთა ლიგაზე გასული „არსენალი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას კიდევ აპირებს. კლუბის გეგმებში „საუთჰემპტონიდან“ – რომეო ლავიას, ხოლო „ვესტ ჰემიდან“ დეკლან რაისის შეძენაა.