კაელ ლაურის „გოლდენ სტეიტის“ გულშემატკივართან შელაპარაკება მოუვიდა (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალურ სერიაში ტორონტო დაწინაურდა (2-1). „რეპტორსის“ გამთამაშებელმა კაელ ლაურიმ ბრწყინვალე მატჩი გამართა. მის ანგარიშზე 23 ქულაა. კაელმა მატჩში 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი შეხვედრა კანადელებმა ანგარიშით 123:109 მოიგეს.
„ორაკლ არენაზე“ გამართული მატჩის მეორე ნახევარში პარკეტზე საკმაოდ უცნაური ფაქტი მოხდა. კაელ ლაური ბურთის მოპოვებას ცდილობდა, რა დროსაც „ვორიორზის“ გულშემატკივარს დაეჯახა. ამის გამო „გოლდენ სტეიტის“ მეორე ქომაგმა ლაურის ხელი კრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ტორონტოს“ გამთამაშებელს ჰკითხეს, თუ რა მოხდა რეალურად მოედანზე. ლაურიმ განაცხადა, რომ ფანმა მას არაეთიკური სიტყვებით მიმართა. „რეპტორსის“ ერთ-ერთი ლიდერი მიჩნევს, რომ აღნიშნულ გულშემატკივარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თამაშებზე დასწრების უფლება არ უნდა ჰქონდეს.