კაცნაკლულმა „ვიტ ჯორჯიამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა და ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა
ფოთში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელი პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა – ეროვნული ლიგა 3-ის „კოლხეთი 1913“-მა ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და ლიგაში დაწინაურების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.
პირველ შეხვედრაში უპირატესობას ფოთელები ფლობდნენ, მაგრამ 2 პენალტი ვერ გამოიყენეს და საბოლოდ, 0:1 დამარცხდნენ. ამდენად, ლიგა 2-ის საგზურის მფლობელის ბედი განმეორებით მატჩში უნდა გარკვეულიყო. შეხვედრა ფოთელებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს. მაგრამ „ვიტ ჯორჯიას“ მეკარე გურამ ჩიკაშუამ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა და გუნდის წარმატებაში დიდ როლი ითამაშა.
შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოედანზე დაძაბულობა იგრძნობოდა და 41-ე წუთზე გუნდებს შორის ინციდენტი მოხდა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა მეტოქეთა მოთამაშეებს ყვითელი ბარათი აჩვენა და დააშოშმინა. თუმცა, ამ ეპიზოდმა თამაშზე გავლენა მოახდინა – ერთ-ერთმა გაფრთხილებულმა ფეხბურთელმა, თემურ ბექაურმა 56-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, ფოთელებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გამოიყენეს – 68-ე წუთზე, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „კოლხეთის“ კაპიტანმა ლაშა გვალიამ უნაკლოდ შეასრულა და „კოლხეთი“ დააწინაურა 1:0.
ძირითადი დრო 1:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც „ვიტ ჯორჯიამ“ უკეთ შეასრულა (3:4) და ეროვნული ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.