კაცნაკლულმა „ტორპედომ“ ბათუმში „დინამოს“ ქულა წაართვა - გეგუჩაძის გუნდი მეორე წრის გამარჯვებულია #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტური ბათუმში გამართული მატჩით დასრულდა – ქუთაისის „ტორპედო“ „დინამოს“ ესტუმრა და მატჩის ბოლო წამზე გატანილი გოლით ქულა მოიპოვა (1:1), გია გეგუჩაძის გუნდი კი ეროვნული ლიგის მეორე წრის გამარჯვებული გახდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბათუმელებმა „ტორპედოზე“ ზეწოლა გაზარდეს, საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე არ ეყოთ. კონტრშეტევაზე კი „ტორპედოს“ შემტევმა, გიორგი არაბიძემ ბურთი კარს სანტიმეტრებით ააცილა.
78-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა სტუმართა მცველი გიორგი მჭედლიშვილი მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გააძევა და ქუთაისის „ტორპედოს“ მდგომარეობა დამძიმდა. ბათუმელებმა რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლეს. 84-ე წუთზე „ტორპედოს“ კარში დანიშნული პენალტი (რამაც ქუთაისელების დიდი პროტესტი გამოიწვია) ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა 1:0.
ქუთაისელებმა თამაში მაინც გადაარჩინეს. 90+9-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმა ლაშა შერგელაშვილმა შეასრულა – ბურთი მუსა კონატეს მოხვდა, ბათუმელთა კარში აღმოჩნდა და სტივ კინის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ პირველი ქულა მოიპოვა 1:1.
ბათუმის „დინამომ“ 39 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (38) ისევ გადაასწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა, ქუთაისის „ტორპედო“ (21) კი მეექვსე ადგილზე დარჩა.