ეროვნული საფეხბურთო ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი გულშემატკივარმა დღეს იხილა: მე-13 ტურის პირველ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ“ „მიხეილ მესხი 2“-ზე „რუსთავს“ უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავის” მცველმა დავით კვირკველიამ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც მატჩის ანტიგმირი გახდა, ხოლო სტუმრები – დამარცხდნენ. გამოცდილმა მცველმა მე-8 წუთზე “საბურთალოს” კარი აიღო (0:1), მაგრამ 36-ე წუთზე გეგა დიასამიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა 1:1.
მეორე ტაიმის 47-ე წუთზე “საბურთალოს” მეკარე ლაზარე კუპატაძე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან სამართლიანად გააძევეს. თუმცა, კაცნაკლულმა “საბურთალომ” მეტოქეზე ბევრად მეტი რეალური მომენტი შექმნა, ერთ-ერთი მათგანი კი პენალტით დასრულდა – დავით ვოლკოვი კვირკველიამ საჯარიმოში წააქცია, რომელიც გიორგი კოხრეიძემ გოლად აქცია და 10 კაცის ამარა დარჩენილმა “საბურთალომ” 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 30 ქულა დააგროვა და თბილისის “დინამოს” თამაშის შედეგის მიუხედავად, ლიდერობას შეინარჩუნებს.