ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის მეორე სათამაშო დღე თელავში გამართული მატჩით დაიწყო. „კავკასიონი არენაზე“ ეროვნული ლიგის დებიუტანტმა „თელავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.
შევედრამ თელავში დიდი ინტერესი გამოიწვია. ეროვნული ლიგის დებიუტანტის, „თელავის“ შეხვედრას 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – 30-ე წუთზე, გია ჩაბრაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ირაკლი რუხაძემ გამოიყენა 1:0.
39-ე წუთზე მეტოქეთა შორის ინციდენტი მოხდა. გორელთა ნახევარმცველს, ამოს ნონდის აუტიდან ბურთის მოწოდებისას თელაველთა სათადარიგო მოთამაშეს დაუპირისპირდა, მაგრამ მთავარი არბიტრის ჩარევის შემდეგ ინციდენტი მალე ამოიწურა.
მეორე ტაიმში გორელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ – მეორე ყვითელი ბარათისთვის მთავარმა არბიტრმა 68-ე წუთზე ბალგუ იენდეუნტი გააძევა, მაგრამ „დილამ“ თამაში მაინც გადაარჩინა. სტუმართა თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა 89-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
ორი ტურის შემდეგ „დილა“ ოთხი ქულით გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო „თელავმა“ ეროვნულ ლიგაში პირველი ქულა მოიპოვა.