კაცნაკლულმა „დინამომ“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო - თბილისელებმა ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამე წრის ბოლო ტურის შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ კონკურენტ ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენის შემცირების რეალური შანსი გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ „გაგრასთან“ კაცნაკლული დარჩა, შეხვედრა მაინც მოიგო.
„დინამო არენაზე“ გამართულ ამ შეხვედრაში თბილისელები სტუმრის როლში იყვნენ, რადგან ამ სტადიონზე წელს „გაგრაც“ თამაშობს. მატჩი ნომინალური სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო – უკვე მე-6 წუთზე „დინამოს“ ფლანგის შემტევი თორნიკე კირკიტაძე „გაგრას“ მცველს, გიორგი ქობულაძეს ეუხეშა და მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა, „დინამომ“ კი დარჩენილი დრო კაცნაკლულმა ითამაშა.
აუტსაიდერმა „გაგრამ“ მეტოქეს თამამად შეუტია. თუმცა, „დინამომ“ მაინც შეინარჩუნა თამაშზე კონტროლი და შესვენების შემდეგ მიზანს მიაღწია. მეტოქის კარი 50-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა აიღო. თბილისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და ეფექტური დარტყმით „დინამო“ დააწინაურა 1:0.
73-ე წუთზე „გაგრაც“ 10 მოთამაშით დარჩა. უსმანე კამარამ მოედნის ცენტრთან ბურთი აართვა ლუკა ნოზაძეს და მეკარესთან მარტო შეეძლო გასვლა, მაგრამ „გაგრას“ ცენტრალურმა მცველმა წააქცია და მთავარმა არბიტრმა მასაც წითელი ბარათი აჩვენა.
„დინამო თბილისმა“ საბოლოოდ რთულ შეხვედრაში მიზანს მიაღწია, ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, ამ გამარჯვებით 59 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (60) ჩამორჩენას ქულამდე შეამცირა. „გაგრამ“ (25) კი ქულის მოპოვების ამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა და მე-9 ადგილზე დარჩა.