ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-12 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა – „დინამო არენზე“ „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაამარცხა. თუმცა, მასპინძლებმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულეს.
სანაკრებო შეხვედრებისა და „ლოკომოტივთან“ კოვიდსაფრთხის გამო გადადებული შეხვედრის გამო, „დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში 12 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა – ჩისკო მუნიოსის გუნდს ბევრი მოთამაშე აკლდა. ამის გამო „დინამოს“ ესპანელმა მწვრთნელმა შეტევაში იძულებით ფლანგის შემტევი ნოდარ ქავთარაძე დააყენა და ამ ექსპერიმენტმა მოულოდნელად გაუმართლა.
ქავთარაძე იყო მატჩის გმირი: მან მე-12 პენალტით ანგარიში გახსნა, 21-ე წუთზე მისი გადაცემით გიორგი პაპავამ „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო მე-40 წუთზე ქავთარაძემ დუბლი შეასრულა და ტაიმი „დინამომ“ სოლიდური უპირატესობით მოიგო 3:0.
ვითარება 41-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მთავარმა არბიტრმა „დინამოს“ კაპიტანს, გიორგი პაპავას ლევან კაკუბავასთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა – ეს „საბურთალოსთვის“ მცირე შანსი მაინც იყო. მაგრამ სტუმრებმა ამით მხოლოდ მინიმალურად ისარგებლეს.
71-ე წუთზე,„საბურთალომ“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა გოლად აქცია. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო: მთავარმა არბიტრმა 90+7-ე წუთზე ვიქტორ მონხილს ხელით თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, მასპინძელთა კარში კი პენალტი დანიშნა, მაგრამ მარგველაშვილმა მეორედ ბურთი ძელს მოახვედრა და საბოლოოდ, „დინამომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 3:1.
„დინამომ“ 12 შეხვედრა ჩაატარა, 25 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, ხოლო „საბურთალომ“ 13 მატჩი ჩაატარა, 20 ქულა აქვს და გადასწრების შანსი მისცა „ლოკომოტივს“ (19 ქულა), რომლის მატჩიც ბათუმის „დინამოსთან“ გადაიდო.