კაცნაკლული „უოტფორდი“ „სტოკს“ დაუზავდა - გიორგი ჩაკვეტაძემ გამარჯვების შანსით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო წლის ბოლო მატჩი, რომელშიც ქართველის გუნდმა შინ „სტოკ სიტს“ უმასპინძლა და 10 მოთამაშით დარჩენილმა ქულა მოიპოვა – 1:1.
ინგლისის ჩემპიონშიფის 25-ე ტურის შეხვედრაში „უოტფორდი“ მე-15 წუთზე ჯეიკ ლივერმორის გოლით დაწინაურდა. ანგარიში „სტოკმა“ 34-ე წუთზე მაროკოელი თავდამსხმელის, რაიან მმაეს ზუსტი გასროლით გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „უორფორდმა“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ 52-ე წუთზე ვაკუნ ბაიომ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები იძულებულები გახდნენ, თამაშის გეგმა შეეცვალათ. ამ უპირატესობამ „სტოკს“ საშუალება მისცა, თამაში გაეკონტროლებინა, მაგრამ სტუმრები შეტევებში უფერულად გამოიყურებოდნენ.
გიორგისთვის მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან პირველად ითამაშა 78 წუთი, 72-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველ შემტევს ერთ მომენტში შეეძლო მასპინძლების დაწინაურება, მაგრამ შესანიშნავი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ „უოტფორდი“ 35 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.