კაცნაკლული ლიდერი პირველად დამარცხდა - „დილამ“ ბათუმში სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – გათამაშების ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და სეზონში პირველად დამარცხდა – 0:2.
ბათუმელები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში მოხდა. პაატა ღუდუშაური „დილას“ კაპიტანს, ნიკა გაგნიძეს ეუხეშა – ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მთავარმა არბიტრმა 61-ე წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელს წითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.
„დილამ“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. 68-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ხელს არცერთი მეტოქე არ უშლიდა და ძლიერი და ეფექტური დარტყმით გორელები დააწინაურა – 0:1.
ბათუმელები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ანგარიშის გათანაბრება მაინც სცადეს, მაგრამ საკუთარ კარში მეორე გოლიც მიიღეს. სწრაფი კონტრშეტევა ტიერი გეილიმ განავითარა, მიკოლა კოვტალიუკმა დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 „დილას“ სასარგებლოდ.
12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 25 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ „დინამო თბილისს“ (23 ქულა) „გაგრასთან“ ტურის მატჩის მოგებით გალიდერების შანსი გაუჩნდა. გორის „დილა“ (20 ქულა) კი მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა.