კაცნაკლული კოლუმბია იაპონიასთან დამარცხდა (ვიდეო)

დასრულდა მორიგი მატჩი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც ერთმანეთს კოლუმბიისა და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი ძალიან დრამატული გამოდგა. მატჩის მესამე წუთზე კოლუმბიელმა მცველმა შეცდომა დაუშვა და საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მეტოქის თავდამსხმელს ჩააბარა ბურთი, ამ უკანასკნელის დარტყმული კი ჯერ მეკარემ მოიგერია, ხოლო განმეორებულ დარტყმულს კიდევ ერთი კოლუმბიელი მცველი, კარლოს სანჩესი გადაუდგა წინ. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ეს მან ხელით გააკეთა. მსაჯმა დაუყოვნებლივ დანიშნა პენალტი და სანჩესი მოედნიდან გააძევა, შინჯი კაგავამ კი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 0-1 იაპონიის სასარგებლოდ.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი კოლუმბია ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლა. მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი მომენტები ჰქონდა რადამელ ფალკაოს, რომლის დარტყმული ორივე შემთხვევაში მეკარის იოლი ნადავლი გახდა, იაპონელები კი კონტრშეტევებზე ეძებდნენ თავიანთ შანსებს.

საბოლოოდ სამხრეთამერიკელებმა თავისას მაინც მიაღწიეს. საჯარიმოსთან ახლოს სლოვენიელმა მსაჯმა რადამელ ფალკაოს წინააღმდეგ წესების დარღვევა დაინახა და ერთობ საეჭვო ჯარიმა დანიშნა. ხუან კინტერომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა: მისი დარტყმული მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში წავიდა და ეიჯი კავაშიმამ მისი დაჭერა მხოლოდ კარის ხაზს მიღმა მოახერხა – 1-1.

შესვენების დროს იაპონელთა მწვრთნელმა თავისი გუნდის ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებები შეიტანა, რაც მატჩის საერთო სურათს დაეტყო და აზიელების რიცხობრივი უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდა: კოლუმბიელები ადვილად ვეღარ გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, იაპონელები კი უფრო მეტად აწუხებდნენ მეტოქის მცველებს.

72-ე წუთზე აზიელთა მონდომებამ შედეგი გამოიღო: კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს იუია ოსაკომ შეაგება თავი და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა – 1-2.

კოლუმბიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სულით მაინც არ დაეცნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან მეორე ტაიმში შემოსულმა ხამეს როდრიგესმა, რომელიც კარის წინ მარტო იყო დარჩენილი, მაგრამ იაპონელი მცველი დროულად ჩაუწვა მის დარტყმულს და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მატჩის ბოლო წუთებზე კოლუმბიამ კიდევ ერთი შეტევა განახორციელა, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე ვერ მიიყვანა, იაპონელებმა კი აუღელვებლად გააკეთეს საკუთარი საქმე და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს ამ ჩემპიონატზე.

მომდევნო მატჩებს ეს გუნდები 24 ივნისს გამართავენ, როდესაც იაპონია სენეგალს დაუპირისპირდება, კოლუმბია კი პოლონეთთან გააკრვევს ურთიერთობას.

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!