კაცნაკლული ხობის „კოლხეთი“ ხორვატულ ტურნირზე „არსენალთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კაცნაკლული ხობის „კოლხეთი“ ხორვატულ ტურნირზე „არსენალთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ხობის „კოლხეთმა“ ხორვატიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (ARENA CUP) მეორე შეხვედრა გამართა და ამჯერად დამარცხდა (პირველ შეხვედრაში „კოლხეთმა“ „მაკედონიასთან“ ფრედ 0:0 ითამაშა).

ხობელების მეტოქე მონტენეგროს კლუბი ტივატის „არსენალი“ იყო. ქართველებს ანგარიშის გახსნა თავიდანვე შეეძლოთ, მაგრამ მეტოქის მეკარემ პენალტი მოიგერია. რამდენიმე წუთში „კოლხეთმა“ გოლი მაინც გაიტანა, თუმცა შემდეგ, 1:1-ზე, ორი მოთამაშე – წურწუმია და ჭედია გააძევეს და საბოლოოდ ხობელები 1:3 დამარცხდნენ.

ARENA CUP-ი ტრადიციული ტურნირია და მას ქალაქ მედულინის სპორტული ცენტრი უკვე მეცხრედ მასპინძლობს. თამაშები „პარკ პლაზა ბელვედერის“ საწვრთნელ ბაზაზე ტარდება, სადაც თანამედროვე საფეხბურთო მოედნებია და ცნობილი საფეხბურთო კლუბები მოსამზადებლად ხშირად ჩადიან.

ARENA CUP-ზე ხობის „კოლხეთის“ მიწვევა სასიამოვნო ფაქტია, რადგან ამ ტურნირზე ბევრ ცნობილ კლუბს უთამაშია – სლოვენიურ „მარიბორს“, სერბულ „ოფკ ბელგრადს“, ზაგრების „ლოკომოტივს“, რუმინულ „ვიტორულს“, ავსტრიულ „ალტახს“ და „სენტ-პოლტენს“, ჩეხურ „ტეპლიცეს“, ბოსნიურ „ზრინსკის“, პოლონურ „ზაგლებიეს“.

ხობის „კოლხეთი“ მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს ხორვატიის პირველი დივიზიონის „ისტრა 61“-თან გამართავს.