კაჭარავამ „კორონა“ უარით გაისტუმრა - ქართველი თავდამსხმელი 15 ათასი ევროს ოდენობის ხელფასმაც ვერ მოხიბლა #1TVSPORT
ნიკა კაჭარავა ახალ გუნდს ეძებს. ქართველმა თავდამსხმელმა „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა იმ ვიდეოს შემდეგ, სადაც „აპოელი“-„ომონიას“ დერბიში გიორგი ქვილითიას გოლს ზეიმობდა. კვიპროსული გამოცემების მტკიცებით, ახლა კაჭარავა პოლონეთზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა Goal.com.cy წერს.
„ქართველ ფორვარდს აქვს მიწვევები პოლონეთში, სადაც ადრე კიელცეს „კორონასა“ და პოზნანის „ლეხში“ თამაშობდა. კაჭარავა ოპტიმისტურად უყურებდა ამ ჩემპიონატში გადასვლას“, – ამტკიცებს კვიპროსული გამოცემა.
Goal.com.cy შეთავაზების ფინანასურ დეტალებზე წერს და ამტკიცებს, რომ კაჭარავამ ყოფილი კლუბის წინადადებაში საინტერესო ვერაფერი დაინახა.
„შეთანხმება არ შედგა. კაჭარავამ მიიღო შეთავაზება პოლონური გუნდისგან, რომელიც თვეში 15 000 ევროს ოდენობის ხელფასზე თამაშს სთავაზობდა. ქართველი ფეხბურთელი ვერც ფინანსური ნაწილით მოიხიბლა და ვერც გუნდის პერსპექტივით, ამიტომ ცდილობდა საკითხის ღიად დატოვებას დროის დაზოგვის მიზნით. პოლონელებმა დადებითი პასუხი რომ არ მიიღეს, მაშინვე სხვა ვარიანტზე გადავიდნენ, ამიტომ კაჭარავა ისევ მოლოდინშია“, – წერს Goal.com.cy.