უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. რამდენიმე მათგანმა თავი გოლებით გამოიჩინა. დანიაში დავით სხირტლაძისა და ჰოლანდიაში გურამ კაშიას ამბავი ცნობილია. დღეს კი თავი კიდევ ორმა ჩვენებურმა ისახელა.
პოლონეთში ესტრაკლასას 22-ე ტურში თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა. “კორონა” ”ტერმალიკას” სტუმრობდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, მე–14 წუთზე კი მეკარეს ბოლომდე ეთამაშა და ანგარიში გახსნა. მისმა გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა, 34 ქულა დააგროვა და 22 ტურის შემდეგ 16 გუნდში მე-5 ადგილზე დაწინაურდა.
ავთო ებრალიძემ კი პორტუგალიის სეგუნდალიგას 24-ე ტურში დუბლი შეასრულა. მისი გუნდი “აკადემიკა ვიზეუ” “ბენფიკას” დუბლშემადგენლობას ლისაბონში ესტუმრა და 5:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 41-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა, 38 წუთზე კი ჰეთ-თრიქის შემსრულებელ სანდრო ლიმას საგოლე ასისტენტობა გაუწია და თავისიანთა წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.
24 ტურის შემდეგ “ვიზეუმ” 39 ქულით დააგროვა, მე-4 ადგილზეა და პრიმერალიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.