„ჯვაროსნები“ მაკედონიელთა წინააღმდეგ - უგულშემატკივრე ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
„ჯვაროსნები“ მაკედონიელთა წინააღმდეგ - უგულშემატკივრე ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ერთა ლიგა. C4 ჯგუფი. საქართველო – ჩრდ. მაკედონია. საქართველოს ნაკრების შანსი – ევრო 2024-ის პლეი ოფამდე ერთი ნაბიჯია, სანიოლი იმედიანად არის, სტუმრები კი აგრესიას არ მალავენ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩამდე „დინამო არენაზე“ ბოლო ვარჯიში გამართა და ახლა ყველა მოახლოებული შეხვედრის მოლოდინში ვართ.

საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ერთა ლიგის  C4 ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს. ჩრდილოეთ მაკედონიას პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსი გააჩნია.

 

ცხრილი და საქართველოს შანსი

 

ჯგუფიდან ევრო 2024-ის პლეი ოფში მხოლოდ ერთი ნაკრები გავა. საქართველოს ნაკრებმა თბილისში გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, ბულგარეთთან 0:0 ითამაშა, გასვლაზე ჯერ ბულგარეთი დაამარცხა 2:5, შემდეგ კი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასაც სძლია – 0:3. საქართველოს ნაკრებს კონკურენტზე უკეთესი ბურთების შეფარდებაც აქვს -12:2-ზე, ანუ ბალანსი პლუს 10-ია, ბალკანელების კი 7:4-ზეა, ანუ პლუს 3.

ერთა ლიგის ბოლო ტურამდე ლიდერობის შესანარჩუნებლად, პირველ ადგილზე და შემდეგ გათამაშებაში „ბ“ დივიზიონში გასასვლელად, საქართველოს ნაკრებს ფრეც აწყობს. მეტოქეს კი მინიმუმ სამი ქულა და მინიმუმ სამი ბურთით მოგება სჭირდება, გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ის პლეი ოფში რომ ითამაშოს.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძელი ნაკრები იქნება ის, რომელიც ჯგუფურ ეტაპს უკეთესი ბალანსით დაასრულებს. ასეთი კი ამჟამად თურქეთი (5 მატჩში 13 ქულა) და საბერძნეთი (4 მატჩში 12 ქულა) არიან. ნახევარფინალები: 2023 წლის 14 და 15 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები 2023 წლის 18 ივნისს.

 

სანიოლის ფილოსოფია – ფრეზე ფიქრი არ ამართლებს

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ უპასუხეს – ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი იმედოვნებენ, რომ ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში კონკურენტს დაამარცხებს და ევრო2024-ის პლეი ოფის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს.

„გათამაშების დაწყებამდე ჯგუფის ფავორიტად ჩრდილოეთ მაკედონია დავასახელე, რადგან ევრო 2020-ზე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში იტალია დაამარცხა. თუმცა, ერთა ლიგის ეს გათამაშება ჩვენ კარგად დავიწყეთ, ჯგუფის ლიდერები ვართ და პირველი ადგილის ოფიციალურად გაფორმება გვსურს. თამაშს ფრეზე ფიქრით ვერ დავიწყებთ. ჩემი გამოცდილებით, ასეთ დროს სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. მიზანი ისეთი დონის თამაშია, როგორიც ივნისში ვაჩვენეთ. ასე რომ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეზე არ ვიფიქრებთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.

 

ჩრდილოეთ მაკედონიელების პრობლემები და სათამაშო სქემა

ჩრდილოეთ მაკედონიელებს მატჩამდე ბევრი სერიოზული პრობლემა შეექმნათ. თბილისში გუნდს ერთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში წამყვანი მოთამაშეები დააკლდა. მათ შორის ორი თავდამსხმელია – ინგლისური „ბარნლის“ ფეხბურთელი დარკო ჩურლინოვი და თურქეთის სუპერლიგის „ისტანბულსპორის“ შემტევი ვალონ ეტემი.

ზაგრების „დინამოს“ ორი ფეხბურთელიც დაშავებულია – ნაკრების კაპიტანი სტეფან რისტოვსკი და ერთ-ერთი საუკეთესო ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი, ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი არიან ადემი. ამას გარდა, თბილისში სტუმართა შორის არ იქნებიან ტიჰომირ კოსტადინოვი და ერდონ დაჩი, ხოლო ბობან ნიკოლოვი, კირე რისტევსკი და დავიდ ბაბუნსკი იმიტომ არ გამოიძახეს, რომ კლუბში ახლახანს ჩაირიცხნენ ან ისევ უგუნდოდ არიან.

გამოცემა „ეკიპა“ ამტკიცებს, რომ მათი ნაკრების მწვრთნელს, ბლაგოი მილევსკის ტაქტიკის და შემადგენლობის შეცვლა უჭირს, მაგრამ ახლა, შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებაც მოუწევს და სათამაშო სქემის 4-4-2-ზე გადაწყობაც არ გამორიცხეს.

ცნობისთვის, ბალკანელთა მწვრთნელმა ბულგარეთთან (1:1) 4-2-3-1 განლაგება გამოიყენა, გიბრალტართან (0:2) 4-1-4-1-ი, საქართველოსთან სკოპიეში (0:3) ისევ 4-2-3-1-ს დაუბრუნდა, ხოლო შინ გიბრალტართან (4:0) 3-5-2 ამჯობინა.

 

იმუქრებიან, რომ საქართველოს უეფა-ში უჩივლებენ

„დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდელ ვარჯიშზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საწვრთნელი პროცესი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რასაც სტუმართა აღშფოთება მოჰყვა.

დაგვიანების გამო მათი ქვეყნის ფედერაცია საქართველოს მხარეს უეფაში უჩივლებს -ამას ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა „ეკიპა“ ამტკიცებს. გამოქვეყნებულ წერილში მასპინძელი მხარე შეურაცხმყოფელად მოიხსნიეს – „თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ეს საქმე „სოფლის კოოპერატივს“ ემსგავსება“.

„ეკიპას“ წერილში ნახსენებია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტუმრებს დაბრკოლებები შეგნებულად შეუქმნა.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი – თბილისში მოსაგებად ჩამოვედით

ამ ყველაფერმა გამოიწვია სტუმართა უკმაყოფილება, რაზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. რაც შეეხება მატჩს, მისმა გუნდმა საქართველოს ნაკრებთან სკოპიეში, „თოდორ პროესკის არენაზე“ ბოლო დროის ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა – 0:3. თუმცა, ბლაგოი მილევსკის თქმით, წაგებიდან დასკვნები გამოიტანა და თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა: „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. კვარაცხელია კარგი მოთამაშეა, მაგრამ მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა, იტალიასთან და პორტუგალიასთან კარგად გამოვყურებოდით, მაგრამ ერთა ლიგის ამ ციკლში ტრავმების და უგუნდო ფეხბურთელთა სიმრავლის გამო დავზარალდით, მაგრამ სანამ შემდეგ ეტაპზე მოხვედრის მცირედი შანსი გვაქვს, შევეცდებით ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ“.

მილევსკის ოპტიმიზმს არ იზიარებს გამოცემა „ეკიპა“, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ამოცანას, თბილისში მოიგოს 3-ბურთიანი სხვაობით, შეაფასა – Mission Impossible (მისია შეუსრულებელია).

„ჩრდილოეთ მაკედონიის ხვალინდელი მისია შეუსრულებელია. თბილისში სამბურთიანზე მეტი სხვაობით 30 წელიწადში მხოლოდ პოლონეთმა მოიგო – 2014 წელს. ბოლო ოთხ საშინაო მატჩში საქართველოს არ წაუგია და არც ერთი გოლი არ გაუშვია. საქართველო ფორმაშია და შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზეა. მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასაოცარ ფორმაშია და შანსი აქვთ, ისევ აღმოჩნდნენ ევროპის ჩემპიონატის (ამჯერად 2024 წლის) პლეი ოფში. ასე რომ, ხვალ ვილი სანიოლის ბიჭებს, „დანგრეული“ მაკედონიის დამარცხებით, ცხრილში პირველი ადგილის ოფიციალური გაფორმება შეუძლიათ“, – წერს „ეკიპა“.

 

სლოვაკი მსაჯები

შეხვედრას სლოვაკ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება – მთავარი არბიტრი ივან კრუჟლიაკი იქნება, მას ლაინსმენის როლში დაეხმარებიან ბრანისლავ ხანცკო და იან პოზორი. მეოთხე მსაჯი სლოვაკი პეტერ კრალოვიჩი იქნება, ხოლო ვიდეორეფერი – იტალიელ მარკო ბრესმესი.

ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).

 

უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო