ჯუნტოლის პირველი ნაბიჯი „იუვენტუსში“ - სატრანსფერო სიაში გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა Corriere della Sera ამტკიცებს, რომ „ნაპოლიდან“ „იუვენტუსში“ გადასული კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო სიაში საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე მოხვდა.
„კრისტიანო ჯუნტოლიმ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ორი მილიონი ევრო დაუტოვა და „იუვენტუსის“ ტექნიკური განყოფილების უფროსი გახდა. ახლა ის ტალანტებს ეძებს, მის სიაშია ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.
51 წლის ჯუნტოლიმ კიმისა და კვარაცხელიას ტრანსფერებით გადამწყვეტი როლი ითამაშა „ნაპოლის“ ჩემპიონობაში.
მას შეუძლია, აითვისოს ნაკლებად ცნობილი ბაზრები, ახლა ის რამდენიმე მოთამაშეს აკვირდება, მათ შორისაა მიქაუტაძე („მეცი“). საბოლოოდ, ეს ამბავი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს“, – წერს იტალიური გამოცემა.