ჯუდ ბელინგემი - მადრიდის „რეალი“ არის ის გუნდი, რომელში თამაშიც მსურდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში გამართულ პრესკონფერენციაზე ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა განაცხადა, რომ კომფორტის ზონის მიღმა, ინგლისის გარეთ თამაში სურდა და „სამეფო კლუბი“ მისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი იყო.
„ინგლისის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე ფეხბურთელები მუდამ მეკითხებიან, რატომ არ გადავედი სათამაშოდ პრემიერლიგაში. ჩემი პასუხი მარტივია – მსურს, კომფორტის ზონის მიღმა ვიყო. ეს ის ადგილია, სადაც თამაში მინდოდა.
„რეალის“ წარმომადგენლებს ჩემს სახლში შევხვდი და გადაწყვეტილებაც იქ მივიღეთ, შეხვედრას ჩემი მშობლებიც ესწრებოდნენ. ეს საოცარი იყო, ასეთ მომენტზე ბავშვობაში ყველა ოცნებობდა.
ვესწრებოდი ფინალს, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ დაამარცხა, აღნიშნული თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემთვის. რაც შეეხება ფულს, გადამწყვეტი ჩემს კარიერაში არასდროს ყოფილა.
„რეალის“ ქომაგი ვარ. ამ გუნდის უამრავი მატჩი მინახავს და მუდამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი“, – განაცხადა ჯუდ ბელინგემმა.
19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი „სამეფო კლუბს“ „დორტმუნდიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლო შეუერთდა. მას ამჟამად მუხლი აწუხებს და რეაბილიტაციის პროცესშია, თუმცა ივლისში, როდესაც „რეალი“ 2023/2024 წლის სეზონისთვის საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს, მზად იქნება. ბელინგემი ხუთნომრიანი მაისურით ითამაშებს.