ჯოვინომ „ბათუმს“ კონკურენტთან გამარჯვება მოუტანა - ორი „დინამოს“ მატჩი ბათუმელებმა მოიგეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 21-ე ტური გათამაშების ლიდერების მატჩით გაიხსნა, რომლებიც მალე ევროტურნირებზე ჩაერთვებიან – „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე დამარცხდა.
მე-17 წუთზე „დინამო თბილისმა“ ანგარიში გახსნა, რაც სტუმართა უხეში შეცდომის შედეგი იყო. გაგა მარგველაშვილს ბურთი ჯაბა ჯიღაურმა დაუგორა, ბათუმელთა მცველს ზორან მარუშიჩმა დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა 1:0.
მეორე ტაიმში ბათუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა და 78-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. ირაკლი აზაროვმა შორიდან უძლიერესი და ულამაზესი გოლით ყოფილი გუნდის კარი აიღო – 1:1. ბათუმელების მონდომებამ შედეგი გამოიღო და გამარჯვებასაც მიაღწიეს. 90-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკი მარცხენა ფლანგზე მცველებს გაცდა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჯოვინო ფლამარიონმა მცველს დაასწრო და ბათუმელებს მიმდინარე სეზონში უშუალო კონკურენტთან მესამე გამარჯვება მოუტანა – 1:2.
21 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 43 ქულა დააგროვა და ისევ გალიდერდა, „დინამო თბილისი“ კი 41 ქულით მეორე ადგილზე ჩამოაქვეითდა.