ჯოვინო საქართველოს მოქალაქეა - ბრაზილიელს პასპორტი ნაკრებში გზას უხსნის #1TVSPORT
ჯოვინო ფლამარიონმა საქართველოს პასპორტი მიიღო – ეს ბათუმის „დინამოს“ პოლონეთში გამგზავრების შემდეგ გახდა ცნობილი.
ბათუმის „დინამო“ ხვალ, 21 ივლის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩს ჩაატარებს პოლონეთის ჩემპიონ პოზნანის „ლეხთან“. გუნდი პოლონეთში უკვე გაემგზავრა, რომლის ფოტომასალაც კლუბის ოფიციალურ ვებგვრდზე გამოქვეყნდა.
ამ სურათებში ჩანს, რომ ბათუმელთა ბრაზილიელ ფეხბურთელს ხელში ქართული პასპორტი აქვს და პოლონეთში „ლეხთან“ მატჩზე არა ბრაზილიის, არამედ, ჩვენი საბუთით გაემგზავრა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მალე ფიფა-მ ჯოვინო ფლამარიონს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება დართოს. საქმე ისაა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის დებულებით, მოთამაშის ნატურალიზაციისთვის, ფეხბურთელი ქვეყანაში 5 წელი უნდა თამაშობდეს. ჯოვინო კი ბათუმის „დინამოში” 2017 წელს ჩაირიცხა და ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ბრაზილიური „პალმეირასის“ აღზრდილმა პროფესიონალური კარიერა 2016 წელს მონტენეგროულ კლუბ „ლოვჩენში“ დაიწყო. ბათუმის „დინამოში“ 2017 წელს გადავიდა. პირველივე სეზონში საქართველოს ეროვნულ ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ გუნდთან ერთად ეროვნულ ლიგა-2-ში დაქვეითდა.
მომდევნო სეზონში ლიგა-2-ში ფლამარიონმა ჩაატარა 32 მატჩი და 24 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ბათუმის კლუბი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. 2019 წლის სეზონში, კლუბთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა და 17 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა, სეზონის ბოლოს კი საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2020 წლის სექტემბერში, იჯარით გადავიდა ვოლგოგრადის „როტორში“. 2021 წელს ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა და გუნდის ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა. სულ ჯოვინომ ბათუმელთა ფორმით ჩემპიონატში ჩატარებულ 126 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 14 გოლით (18 მატჩი) ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.