ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის „დინამოს“ ევროთასებზე დაეხმარება #1TVSPORT
ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის „დინამოს“ ევროთასებზე დაეხმარება და გუნდში დეკემბრამდე დარჩება – საქართველოს პირველ არხს ეს ინფორმაცია კლუბში დაუდასტურეს.
გამოცემა Sport5.co.il-ის ცნობით, ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელით ისრაელის უმაღლესი დივიზიონის კლუბის, „ბნეი სახნინის“ პრეზიდენტი მოჰამედ აბუ იუნესი დაინტერესდა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ბრაზილიელმა ისრაელის ჩემპიონატში თამაშის სურვილი გამოთქვა.
ცხადია, საუკეთესო თავდამსხმელის ევროტურნირებამდე გაშვება ბათუმის „დინამოს“ ინტერესში არ შედის. Sport5.co.il-ის მტკიცებით, „ბნეი სახნინში“ ფლამარიონს ქართული გუნდი კომპენსაციის გარეშე არ უშვებს.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, საქმე სხვაგვარადაა. ბრაზილიელს ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება და ის გუნდს კონფერენსლიგაზე უნდა დაეხმაროს. შესაბამისად, გამოირიცხა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ბათუმელებსა და ისრაელის კლუბს შორის მოლაპარაკება კომპენსაციის თანხაზე მიმდინარეობს.
ჯოვინო ფლამარიონი „პალმეირასის“ აკადემიის აღზრდილია. ბათუმის „დინამოს“ გარდა, უთამაშია ვოლგოგრადის „როტორსა“ და მონტენეგროს „ლუბკენში“. ჯოვინომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და „ჯვაროსნებში“ თამაშიც შეუძლია.
26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში ის ეროვნულ ლიგაში 19 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გარდა ამისა, ორი გოლი კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა.