ჯოვინო დაბრუნდა და ბათუმის „დინამოს“ კონფერენც ლიგაზე დაეხმარება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოში“ ჯოვინო ფლამარიონი დაბრუნდა და გუნდს კონფერენცლიგაზე დაეხმარება, – ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ჯოვინო ბრაზილიელია და „პალმეირასის“ აღზრდილია. მან პროფესიული კარიერა 2016 წელს მონტენეგროს კლუბ „ლოვჩენში“ დაიწყო. ბათუმის „დინამოში“ 2017 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში 22 მატჩში მხოლოდ ერთი საგოლე პასი გაიტანა. მომდევნო სეზონში, 32 მატჩი 24 გოლი გაიტანა და ლიგა2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო კლუბმა პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
2019 წლის სეზონში, კლუბთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა, 17 გოლით ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა და 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
2020 წლის სექტემბერში, ბათუმელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გადავიდა, 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდი რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა და ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. „ტრანსფერმარკეტი“ მის ტრანსფერს 600 000 ევროდ აფასებს.
სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით, კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ ყველაზე სუსტი მეტოქე, სან-მარინოს „პენე“ შეხვდა. პირველ მატჩს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ახალ არენაზე 8 ივლისს გამართავს, ხოლო განმეორებითს – სან მარინოში 15 ივლისს.