ჯოუნსმა გუსტაფსონი მესამე რაუნდში შეაჩერა - ნუნესმა „საიბორგი“ პირველივეში დაანოკაუტა | UFC 232
UFC-ის წლის ბოლო „ქარდის“ წინ ბევრი გაურკვევლობა იყო და ბრძოლების ადგილმდებარეობაც ბოლო მომენტში შეიცვალა, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ჯონ „ბოუნს“ ჯოუნსი კვლავ მსუბუქი მძიმე წონის ჩემპიონია.
„ჯოუნს – გუსტაფსონ 2“ ისეთი დაძაბული არ გამოდგა, როგორიც პირველი. „ბოუნსი“ პირველ რაუნდში დომინირებდა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე რაუნდში გუსტაფსონმა (18-5) მეტოქეს ხელებით კარგი დარტყმები გაუტარა, ჯოუნსმა მესამეში მაინც მოახერხა დაპირისპირების მიწაზე გადაყვანა და საბოლოო ჯამში ტექნიკური ნოკაუტით (TKO) მოიგო. გუსტაფსონმა საჩემპიონო ქამრისთვის მესამედ იჩხუბა. პირველი ორი დაპირისპირება მან ჯოუნსთან და კორმიესთან, ქულებით დათმო.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო საღამოს მეორე საჩემპიონო დაპირისპირება, რომელშიც მსუბუქი წონის ქამრისთვის ამანდა ნუნესი და ქრის საიბორგი შეხვდნენ. უმეტესობა მიიჩნევდა, რომ წყვილში ფავორიტი „საიბორგი“ იყო, მაგრამ მათი მოლოდინები მალევე გაქარწყლდა. ქრისმა აშკარად ვერ დააფასა ნუნესის დარტყმების ძალა და სიზუსტე და ამის გამო პირველივე წამებზე გაატარა. ნუნესმა ტემპი არ დააგდო და პირველი რაუნდის დაწყებიდან წუთზე ნაკლები იყო გასული, როდესაც მეტოქე დაანოკაუტა.
ნუნესი პირველი ქალი მებრძოლი გახდა, რომელიც ერთდროულად ორი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.