ჯორჯო კიელინი სანაკრებო კარიერას პირველ ივნისს დაასრულებს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ გამოაცხადა, როდის დაასრულებს კარიერას იტალიის ნაკრებში.
„თუ ტრავმა ხელს არ შემიშლის, პირველ ივნისს ვითამაშებ „უემბლიზე“ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. მინდა ასეთ საზეიმო დღეს დავემშვიდობო ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატის მოგებით განვიცადე ის, რაც, ალბათ, ჩემი კარიერის მწვერვალად მიიჩნევა“, – განაცხადა კიელინიმ DAZN-თან კომენტარში.
იტალიისა და არგენტინის ნაკრებთა შეხვედრა სანაკრებო დონეზე საკონტინენტთაშორისო თასის ერთგვარი გათამაშებაა – ევროპის მოქმედი ჩემპიონი შეხვდება კოპა ამერიკას გამარჯვებულს.
37 წლის კიელინიმ ევრო 2020-ზე გამარჯვების გარდა, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.