ჯორდან ბარდელა – ესპანეთის მიგრაციულმა პოლიტიკამ ევროპა საფრთხეების წინაშე დააყენა, დროა, გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ საფრანგეთი და ევროპა აღარ შეეგუება მასობრივ მიგრაციას

01:30, 31.07.2026

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ესპანეთში მიგრანტების ლეგალიზაციამ ევროპას ახალი საფრთხეები შეუქმნა.

„ასობით ათასი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზებით, ესპანეთის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპის კარი ყველა საფრთხისთვის გახსნა“, – განაცხადა ბარდელამ.

მისი თქმით, შედეგი უკვე აშკარაა – რამდენიმე დღეა, ათასობით მიგრანტი სეუტის ანკლავში შედის.

„ხვალ ისინი ფრანგი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენს ქუჩებში იქნებიან“, – აღნიშნა ბარდელამ და საფრანგეთის მთავრობას ესპანეთთან სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ბარდელას განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი პარტია მოითხოვს შენგენის სისტემის რეფორმირებას ისე, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება მხოლოდ ევროპის მოქალაქეებზე გავრცელდეს.

ბარდელამ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია მიგრანტების გაძევება და „სიგნალის გაგზავნა“, რომ საფრანგეთი და ევროპა მასობრივ მიგრაციას აღარ შეეგუება.

ცნობისთვის, მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. მოგვიანებით, მადრიდმა ანკლავში სამხედროები გაგზავნა.

მსგავსი