მაროკოდან ესპანეთის ანკლავში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა, ადგილობრივი ხელისუფლება მადრიდს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი ძალების გაგზავნისკენ მოუწოდებს

22:00, 30.07.2026

მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება მადრიდს ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი ძალების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ კვეთენ ადამიანები საზღვარს, ზოგიერთი მათგანი ქალაქში ზღვით შედის. მიგრანტების უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა არიან ქალები და ბავშვებიც. ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სეუტაში უკვე 2000-დან 3000-მდე ადამიანი შევიდა.

სეუტაში მოქმედი სამოქალაქო გვარდიის თანამშრომელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რაშიდ სბიჰიმ განაცხადა, რომ ადგილზე „აბსოლუტური ქაოსია“. სეუტის პრეზიდენტმა, ხუან ხესუს ვივასმა ესპანეთის ხელისუფლებას ადგილზე დამატებითი სამართალდამცველებისა და სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაგზავნისკენ მოუწოდა, რათა „საზღვრის ხელშეუხებლობა და მოქალაქეების უსაფრთხოება“ უზრუნველყოფილი იყოს. მისი თქმით, მიგრანტთა მიმღები ცენტრები უკვე გადატვირთულია და ასობით ადამიანს ქუჩაში უწევს ღამის გათევა.

ესპანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა სეუტაში ჩავა, თუმცა აღნიშნეს, რომ მიგრაციული კრიზისი ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირება ექნება. მისი თქმით, მობილიზებულია ყველა საჭირო რესურსი, მიმდინარეობს თანამშრომლობა მაროკოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან და მზადდება დამატებითი ზომები, რათა რეგიონში ნორმალური ვითარება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

მსგავსი